პოლიციელები დაკავების მანქანაში გაყინული ბოთლს თავში მირტყამდნენ, მჩქმეტდნენ - დაკავებული აქტივისტი

04.09.25 15:10
პოლიციელები დაკავების მანქანაში გაყინული ბოთლს თავში მირტყამდნენ, მჩქმეტდნენ - დაკავებული აქტივისტი

 

 

სამოქალაქო აქტივისტი ლუკა დევდარიანი, რომელიც ორი დღის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს, პოლიციას ძალადობაში ამხელს. 

ახალგაზრდა აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ საპოლიციო მანქანაში ჩატენეს, ფარდები ჩამოაფარეს და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ძალით მომიჭირეს და ჩამტენეს მანქანაში და იქ მივიღე დაზიანება. ცივი ბოთლით – გაყინული ბოთლით – ბეჭებში მირტყეს. ერთი-ორმა თავში ჩამარტყა. მერე ჩქმეტა დამიწყეს და რომ მტკიოდა, მეც გავკარი ხელი. მანქანაში ფარდები გადმოწიეს, რომ ხალხს არ დაენახა და მერე მიმიყვანეს განყოფილებაში. "პადვალში" ჩაგიყვანთო და იქ მაგრად გცემთო,“ – თქვა დევდარიანმა „პირველებთან“.

საბოლოო ჯამში, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგე, ლუკა დევდარიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000- ლარიანი სახდელი დააკისრა. შსს მის მიმართ 60-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა. 

სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება სხვა დაკავებული აქტივისტების პროცესები. მათ შორის უმრავლესობა ქალებია, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავების დროს დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.