ე.წ. პირბადეების საქმეზე თამთა მიქელაძე იკითხება - რა კითხვები აქვს გამოძიებას
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორ თამთა მიქელაძესთან გამოძიებას კითხვები 2024 წლის აქციებთან დაკავშირებით აქვს. მიქელაძე დღეს მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება.
პროკურორის თქმით, გამოძიების კითხვები დაკავშირებულია როგორც მიქელაძის აქტიურ მონაწილეობასთან საპროტესტო აქციებში, ისე ფინანსურ დახმარებასთან, რომელიც მის ორგანიზაციას გაუწევია.
„გამოძიებას მის მიმართ გააჩნია კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ იგი გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს. მოწოდებები ეხებოდა წინააღმდეგობის ადგილების გახსნას, საჯარო სექტორის გაფიცვას. იგი მიუთითებდა ბრძოლაზე და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი. გარდა ამისა, ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. 2024 წელს, აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და შეძენილი აქვს „წიწაკის სპრეი“. ბუნებრივია, კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით. რა დანიშნულებით, რა მიზნებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით. ვინ იყო ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, მოწოდებები რა იყო და ა.შ.“ — განაცხადა საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით ყადაღა დაადო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, საბანკო ანგარიშებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. მოგვიანებით უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.