საქალაქო სასამართლოში თამთა მიქელაძის გამოკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას
საქალაქო სასამართლოში თამთა მიქელაძის გამოკითხვა დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
,„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თქმით, მას სტანდარტული კითხვები დაუსვეს გაზაფხულისა და ზაფხულის აქციებში მონაწილეობაზე, ფეისბუქ-პოსტებსა და უსაფრთხოების საშუალებების შეძენაზე, რომლებიც, მისი თქმით, თანამშრომლების დაცვის მიზნით იყო განკუთვნილი.
მიქელაძის თქმით, გამოძიებას აინტერესებდა მისი კრიტიკული პოსტებიც სოციალურ ქსელში.
იყო ის სტანდარტული კითხვები, რომლებიც გამოიკვეთა სხვა გამოკითხულ პირებთანაც. ისინი სვამდნენ კითხვებს, მაგალითად, საქმიანობის შესახებ, გაზაფხულის და ზაფხულის აქციებთან კავშირში ჩვენს მონაწილეობაზე, როლზე, ფეისბუქ პოსტებზე და ა.შ. ასევე იყო დასმული კითხვები ჩვენს მიერ შეძენილ უსაფრთხოების საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც თანამშრომლებისთვის გვქონდა შეძენილი, იმიტომ, რომ ჩვენ აქტიურ მონიტორინგის პროცესს ვუწევდით იმ დღეებში, შესაბამისად, ჩვენ თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იყო კითხვების ჩემს ფეისბუქ პოსტებთან დაკავშირებით, სადაც ვაკრიტიკებდი, - ამბობს მიქელაძე.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით ყადაღა დაადო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, საბანკო ანგარიშებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. მოგვიანებით უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.