"ჩორნა", "პლაჟო", "ჭინკა", "შკივია" - როგორ გაიშიფრა ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმე
დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მეტსახელად "ჩორნა", "პლაჟო", "ჭინკა" და "შკივია" გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული 32 ადამიანიდან ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი გამოძიებას ეუბნება, რომ ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეჭვქვეშ აყენებენ, ყველა სატელეფონო ჩანაწერს, სანამ ექსპერტიზა არ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი კონკრეტულ პირს ეკუთვნის.
გამოძიება "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების სატელეფონო და მათი შეკრების ფარულ ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. ირკვევა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, თბილისში, თვეების განმავლობაში აწყობდნენ ე.წ. ქურდულ შეკრებებს, განიხილავდნენ მოდავე მხარეების არსებულ პრობლემებს, შემდეგ კი "ამოღებული თანხიდან" სადავო წილებს საზღვარგარეთ აგზავნიდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
- 32 პირს შორის ერთ-ერთი თენგიზ ხოფერიაა, მეტსახელად "ჭინკა", საზღვარგარეთ ყოფნის გამო, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
ჩხრეკის შედეგად 19 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გარკვეული თანხები, საბრძოლო მასალა, იარაღები და მობილური ტელეფონები, რომლებითაც ისინი, სავარაუდოდ, ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.
დაკავებულების სასამართლო პროცესი დღის ბოლომდე ჩაინიშნება. სახელმწიფო ბრალდება ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
იხილეთ ასევე: