კობახიძის მტკიცებით მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - რას ამბობენ ადვოკატები
უფლებადამცველები ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მტკიცებითაც ცხრა თვის შემდეგაც კი ვერ ხერხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს დაესხნენ თავს.
ადვოკატების თქმით, საქართველოში, ამ პირობებში, არცერთი მოძალადე პოლიციელი არ დაისჯება, რადგან ისინი "ამ ბინძურ საქმეს "ქართული ოცნების" დავალებით აკეთებდნენ".
უფლებადამცველი შოთა თუთბერიძის განცხადებით, "მოძალადე კრიმინალები, რომელსაც პოლიციის ბიუჯეტიდან აძლევენ ხელფასს, კიდევ ბევრი ბინძური საქმისთვის სჭირდებათ", სწორედ ამიტომ არ დასჯიან მათ.
ეს ძალადობა განხორციელდა სწორედ "ქართული ოცნების" და ირაკლი კობახიძის კურთხევითა და შეუძლებელია მას ამის შესახებ არ სცოდნოდა, მეორე, მათ ეს მოძალადე კრიმინალები, რომელსაც პოლიციის ბიუჯეტიდან აძლევენ ხელფასს, სჭირდებათ კვლავაც ბევრი ბინძური საქმისთვის. ისევე, როგორც არ დაისჯება საქართველოში, ამ პირობებში, არცერთი ნარკოტიკის ჩამდები, ისევე, როგორც არ დაისჯება საქართველოში არცერთი იარაღის ჩამდები, არ დაისჯება აქციის მონაწილეზე მოძალადე პოლიციელი, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ამ ბინძურ საქმეს დავალებით აკეთებდნენ. თორემ პოლიციელების, ზოგადად მსგავს რამეს როგორც მინიმუმ მწვანე შუქის გარეშე ხელმძღვანელობისგან, ა აკეთებენ ხოლმე," - ამბობს შოთა თუთბერიძე.
ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ სამართალი "შერჩევითია, რადგან დღემდე არცერთი პოლიციელი არ არის დაკავებული". მისი თქმით, ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს - "სისტემურად აწამებდნენ ადამიანებს მანქანებში, მაგრამ დღემდე ერთი სპეცრაზმელიც დასჯილი არ არის".
ეს არის შერჩევითი. დღემდე ერთი პოლიციელიც კი დაკავებული არ არის, მაგრამ რა ვნახეთ - ათეულობით ადამიანი დააკავეს, სინდისის პატიმრები. გუშინწინ ვნახეთ, რომ 25-მდე პირი დააკავეს, აქედან უმეტესობა იყო ქალბატონი, ვიზეც მოხდა არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ დღემდე ამ ყველაფერს არავინ არ იძიებს.
ეს არ იყო ერთი, ორი ან სამი შემთხვევა, როდესაც თითქოს პოლიციელმა გადაცდომა მოახდინა. ეს იყო სისტემური დანაშაული, სისტემურად აწამებდნენ ადამიანებს მანქანებში, მაგრამ დღემდე ერთი სპეცრაზმელიც დასჯილი არ არის," - განაცხადა ადვოკატმა.