აზერბაიჯანელ სტუდენტი საქართველოში არ შემოუშვეს – მიზეზად 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაუსახელეს
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანელი სტუდენტი ჯავიდ აჰმედოვი თბილისში არ შემოუშვეს. ახალგაზრდას საქართველოს საზღვარზე უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ 5 000 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს და ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა.
როგორც სტუდენტი განმარტავს, ჯარიმა მას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო დაუწესეს. აჰმედოვი ჯიპას ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი თქმით, აქციებზე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.
აჰმედოვი "პირველებს" უყვება, რომ ყველაფერი 24 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ბათუმიდან თურქეთში მიემგზავრებოდა. მისი თქმით, სწორედ მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობის გამო იყო დაჯარიმებული.
ახალგაზრდამ საზღვრის გადაკვეთა გადაიფიქრა, თუმცა მესაზღვრეებმა მას პასპორტში ბეჭედი მაინც ჩაურტყეს და თურქეთში გადაუშვეს. რამდენიმე დღის შემდეგ, 6 სექტემბერს აჰმედოვმა საქართველოში დაბრუნება სცადა, თუმცა საზღვარზე აღარ შემოუშვეს. მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ ის არათუ 5 ათასი, არამედ 10 ათასი ლარიტ იყო დაჯარიმებული და თუკი ამ თანხას არ გადაიხდიდა, საქართველოში არ შემოუშვებდნენ. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ ჯარიმის გადახდაზე თანხმობა განაცხადა, ის საქართველოში მაინც არ შემოუშვეს.
ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა ვცდილობდი, საქართველოდან თურქეთში წასვლას და საზღვრის გადაკვეთას. როცა ჩემი პასპორტი გადავეცი, ისინი დიდხანს ამოწმებდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ მქონდა ჯარიმა. მათ პასპორტი, დაახლოებით, 15 წუთით ჩამომართვეს და როცა უკან დამიბრუნეს, ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა საზღვრის გადაკვეთა. მინდოდა საქართველოში დარჩენა. მათ, უბრალოდ, დამირტყეს ბეჭედი და მითხრეს: "წადი".
ამის შემდეგ ცოტა ხანი თურქეთში დავრჩი. თავდაპირველად ვგეგმავდი მხოლოდ 3-დან 4 დღემდე, მაგრამ საბოლოოდ, უფრო დიდხანს დავრჩი - 6 სექტმებრამდე. იმ დღეს გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში, თუმცა როცა ვცადე დაბრუნება, საზღვარზე გამაჩერეს და არ შემომიშვეს. მათ ჯარიმის გადახდა მომთხოვეს, მაგრამ 5 ათასი ლარის ნაცვლად, მითხრეს, რომ უკვე 10 ათასი ლარი უნდა გადამეხადა. ვერ ამიხსნეს, რატომ, როდის ან რის გამო. მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, გადამეხადა, მაგრამ დრო მჭირდებოდა. მათ უარი მითხრეს და მკაცრად მომთხოვეს, დაუყოვნებლივ გადამეხადა. ავუხსენი, რომ ღამის 3-4 საათი იყო, ბანკები დახურული იყო, არავინ მუშაობდა და ამიტომ, ცოტა მეტი დრო დამჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და მითხრეს, რომ თუ ჯარიმას გადავიხდიდი, ეს მაინც 100%-ით არ ნიშნავდა, რომ საქართველოში შემიშვებდნენ. ვუთხარი, რომ მესმოდა და მზად ვიყავი, რისკზე წავსულიყავი, მაგრამ დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და მითხრეს: "საქართველოში ვერ შემოხვალ, თუნდაც ჯარიმა გადაიხადო", - ამბობს აჰმედოვი.