13 სექტემბრის აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან - საგანგებო ბრიფინგი

07.09.25 18:20
13 სექტემბრის აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან - საგანგებო ბრიფინგი

 

 

13 სექტემბრის აქციას უერთდებიან ქუთაისიდანაც. ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციამ და აქტივისტებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ღიად რუსული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. სწორედ ამიტომ, ქუთაისელები 13 სექტემბერს თბილისში, თსუ-თან დაგეგმილ შეკრებასა და რუსთაველზე მსვლელობას შეუერთდებიან.

მოგესალმებით იმერეთიდან, კერძოდ, ქუთაისიდან, საქართველოს უძველესი ევროპული ქალაქიდან და ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქიდან. "ქართული ოცნების" მავნე პოლიტიკა ქუთაისმა და იმერეთმა ყველაზე მეტად იგრძნო საკუთარ თავზე. "ქართული ოცნების" მმართელობის პერიოდში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. "ქართული ოცნების" მმართელობის პერიოდში ქუთაისი საცხოვრებლად დატოვა 40 ათასზე მეტმა ადამიანმა. "ქართული ოცნების" პოლიტიკა დღეს ღიად რუსულია, რაც საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს, "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ დგას ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და მონაპოვარი - უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. უვიზო მიმოსვლა საშუალებას აძლევდა ქართველ ხალხს, არა მხოლოდ ემოგზაურათ ევროპაში, არამედ მიეღოთ სამედიცინო მომსახურეობა, სტუდენტებს უკეთესი განათლება და რაც მთავარია, ემიგრაციაში მყოფი ქართველების დიდ ნაწილს კონტაქტი ჰქონოდათ მცირე დოზით მაინც საკუთარ ოჯახებთან.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკა გვაკარგვინებს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას, ვალდებულად მიგვაჩნია და ვთვლით, შევიკრიბოტ 13 სექტემბერს ქალაქ თბილისში 19:00 საათზე თსუ-თან და საპროტესტო მსვლელობით დავიძრათ რუსთაველისკენ, რადგან კიდევ ერთხელ ვანახოთ "ქართულ ოცნებას" , რომ ქართველი ხალხის ნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არის უცვლელი

თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!,  განაცხადეს ბრიფინგზე.