ლაშა ბასლანძე გამოკითხვაზეა - "ოცნების" მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ საქმის გასარჩევად სათამაშო იარაღით მივიდა
„პირველებმა“ რესტორან „ქვევრში“ მომხდარი ინციდენტის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. ჩანაწერებში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი, რომელიც ობიექტში ღამის პირველ საათზე შეიჭრა, სავარაუდოდ ლაშა ბასლანძეა - ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. ბასლანძე რესტორნის ყოფილი მმართველიც არის.
სათვალთვალო კამერებში ფიქსირდება, რომ ბასლანძე სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება მაგიდასთან მჯდომ ზურაბ ტიბუას, „ქვევრის“ მფლობელს, რომელიც მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელი მას ჯერ ფიზიკურად უსწორდება, შემდეგ კი სავარაუდოდ ცეცხლს ხსნის.
დაზარალებულმა ზურაბ ტიბუამ გამოძიებას უთხრა, რომ მასსა და ბასლანძეს შორის ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა. ბასლანძე მოიჯარე იყო და მფლობელს ფართობის დათმობას სთხოვდა. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი მფლობელს სამაგიეროს გადახდით ემუქრებოდა.
„პირველებმა“ მოიპოვა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ობიექტის 100%-იანი მფლობელი შპს „დისი ჯგუფია“, რომლის წილებიც მთლიანად ზურაბ (შალვა) ტიბუას ეკუთვნის.
"ქვევში" მომხდარი თავდასხმის საქმეზე ლაშა ბასლანძე გამოკითხვზე დაიბარეს. რესტორნის მფლობელზე სავარაუდო თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ საქმის გასარჩევად სათამაშო იარაღით მივიდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.