დიღმის სამმართველოში ლაშა ბასლანძის გამოკითხვა იწყება - დაადებენ თუ არა ხელბორკილს "ოცნების" მხარდამჭერს

07.09.25 20:53
დიღმის სამმართველოში ლაშა ბასლანძის გამოკითხვა იწყება - დაადებენ თუ არა ხელბორკილს "ოცნების" მხარდამჭერს

ლაშა ბასლანძე ამ დრომდე დიღმის პირველ სამმართველოში იმყოფება, სადაც წუთი წუთზე მისი გამოკითხვა დაიწყება. "პირველებმა" "ოცნების" მხარდამჭერის ამსახველი კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ  პოლიციის განყოფილებაში შესვლის შემდეგ საკუთარ ნივთებს აბარებს, რომელსაც სპეციალურ კარადაში ინახავენ. ამ ფაქტიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, რომ ბასლანძეს შესაძლოა, ხელბორკილი პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დაადონ. 

ჯერჯერობით უცნობია, ითანამშრომლებს თუ არა ბასლანძე გამოძიებასთან.

შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრში“ დაპირისპირება გუშინ მოხდა. "პირველების" მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი, რომელიც ობიექტში ღამის პირველ საათზე შეიჭრა, სავარაუდოდ, ლაშა ბასლანძეა - ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. ბასლანძე რესტორნის ყოფილი მმართველიც არის.

სათვალთვალო კამერებში ფიქსირდება, რომ ბასლანძე სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება მაგიდასთან მჯდომ ზურაბ ტიბუას, „ქვევრის“ მფლობელს, რომელიც მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელი მას ჯერ ფიზიკურად უსწორდება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ცეცხლს ხსნის.

დაზარალებულმა ზურაბ ტიბუამ გამოძიებას უთხრა, რომ მასსა და ბასლანძეს შორის ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა. ბასლანძე მოიჯარე იყო და მფლობელს ფართობის დათმობას სთხოვდა. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი მფლობელს სამაგიეროს გადახდით ემუქრებოდა.

„პირველებმა“ მოიპოვა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ობიექტის 100%-იანი მფლობელი შპს „დისი ჯგუფია“, რომლის წილებიც მთლიანად ზურაბ (შალვა) ტიბუას ეკუთვნის.