“მეომრების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ რუსეთი წითელი ცირკულარით ეძებს“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველების პასუხი “ოცნებას“
რატომ ვერ იცავს სახელმწიფო უკრაინაში მებრძოლ ქართველებს - ირკვევა, რომ მეომრების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ მათ წინააღმდეგ რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული, რის გამოც ნებისმიერ დროს ისინი შესაძლოა, რუსეთის მოთხოვნით დაიჭირონ და რუსეთში გაასამართლონ.
ქართველი მებრძოლები “პირველებს “ ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი არ აქვთ, რადგან ამ დრომდე, მათ და მათ თანამებრძოლებს არ მისვლიათ შეტყობინება, რომელიმე მათგანი იძებნება თუ არა წითელი ცირკულარით.
მათი თქმით, ამ ყველაფერს ისინი სოციალური ქსელებიდან და რუსული საიტებიდან იგებენ. მათივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც საზღვარზე მხოლოდ ისინი შეაფერხეს და საათობით მოუწიათ დგომა, საქართველოში შემოსასვლელადაც.
არავისგან მიგვიღია ინფორმაცია, მითუმეტეს ქართული მხრიდან, რომ წითელი ცირკულარით ვიძებნებით, ჩვენ ვიცით ტელეგრამ არხებიდან და რუსული საინფორმაციო წყაროებიდან. არანაირი დაცვა არ გვაქვს საქართველოს მხრიდან, რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ყოველ ჩემ ჩამოსვლაზე შესვლაზე თუ გამოსვლაზე, აეროპორტში მაჩერებენ და როგორც კრიმინალი, ცალკე ვდგავარ, ვიდრე ჩემი პასპორტი უჭირავთ და რეკავენ, რომ ლეშკაშელი შემოდის, ან გადის საზღვრიდან, - უყვება “პირველებს“ ქეთი ლეშკაშელი.
ჩემ წინააღმდეგ არის გამოცხადებული ძებნა, ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ ინფორმირებული არ ვარ, სტრუქტურებიდან არავინ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ვარ ძებნილთა სიაში. ისევ უკრაინიდან, ჩემმა მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ვარ ძებნილთა სიაში და მოვერიდო დსთ-ის ქვეყნებში შესვლას, სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში, უკრაინიდან ჩამოსულ მებრძოლებს, მშვიდად შეუძლიათ გადაადგილება. ღმერთის იმედად ვართ, რომ შეიცვლება ეს ყველაფერი და შევძლებთ ნორმალურად, ადამიანურ პირობებში ცხოვრებას. მე ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი მებრძოლი ვიცი, ვინც საქართველო დატოვა, იმიტომ, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, - ამბობს ქართველი მებრძოლი.