ონკოპაციენტების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - მოქალაქეები უფასო ანალიზებსა და ინოვაციურ მედიკამენტებს ითხოვენ
ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტებმა და მათი ინტერესების დამცველებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, უზრუნველყოს მკურნალობაზე, კვლევებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ქვეყანაში ინოვაციური პრეპარატების შემოტანა.
აქციის მონაწილეთა თქმით, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, ქართველ ონკოპაციენტებს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა შეეზღუდებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების არადემოკრატიული ნაბიჯების გამო, ქვეყანას უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ექმნება. ამ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებში მკურნალობაზე წასვლა კვლავ რთულ და ხანგრძლივ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული.
საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ონკოპაციენტებს მკურნალობა აქვთ უფასო, რაც არის დიდი ფარსი. ჩვენ არ გვაქვს საქართველოში უფასო არაფერი გარდა ქიმიის. ქიმიამდე ადამიანს სჭირდება დიაგნოზის დასმა, უამრავი გადაღება, უამრავი ანალიზები, რომელიც, დაახლოებით 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე ჯდება და არ მგონია, ამის საშუალება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოში ყველა ანალიზი ონკოპაციენტებისთვის იყოს უფასო. ჩვენ უნდა ვიყოთ პაციენტები ჩვენი ქვეყნისთვის და არა კლიენტები საავადმყოფოსთვის. ჯანდაცვის სამინისტროში გაჭირვებული ადამიანი რომ რეკავს, ზარი უნდა იყოს უფასო და წუთში 30 თეთრს არ უნდა გვაჭრიდეს ტელეფონიდან. ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, - ამბობს აქციის მონაწილე.