ქართულ მხარეს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ან სტრასბურგის მექანიზმით, ექსტრადირების პროცესის შეჩერება შეუძლია- მესამე სექტორი
უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის გიორგი კინოიანის დაკავება სომხეთში - მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც ესქტრადირების საკითხებზეც უმუშავიათ, ამბობენ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს სომხეთთან და საჭირო დოკუმენტები გადაუგზავნოს იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთში არ უნდა გაიგზავნოს.
გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მაშინ საქართველოს და ქართულ მხარეს შეუძლია ევროსასამართლოს მიმართოს, საკუთარი მოქალაქის ინტერესების დასაცავად.
შესაძლებელია, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ან თუნდაც სტრასბურგის მექანიზმით გაჩერება ექსტრადირების პროცესის, თუ ის დაიწყება, რადგან ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რუსეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა. ეს ადამიანები ტყვედ ჩავარდნის თუ დაპატიმრების შემთხვევაში ხვდებიან მძიმე წამების და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლები. მოლოდინი, რომ “ოცნება“ მნიშვნელოვან ძალისხმევას გასწევს, ამ ადამიანის საქართველოსთვის გადმოსაცემად, არ მაქვს, იმ ფონზე, როცა მისი რიტორიკა მკვეთრად ანტიუკრაინულია, საერთოდ მტრულად ხედავს უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც კი, - ამბობს თამთა მიქელაძე.
საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქართველო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, მიუხედავად იმის, სად იმყოფებიან ისინი და რომელი სახელმწიფოს მოთხოვნით არიან დაკავებულები.
საქართველო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, მიუხედავად იმის, სად იმყოფებიან ისინი და რომელი სახელმწიფოს მოთხოვნით არიან დაკავებულები და ითხოვს თუ არა კონკრეტულად ეს სახელმწიფო მის ექსტრადირებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა როდესაც ცნობილია, რუსეთის მხრიდან იქნება მოტხოვნა, საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და უნდა უზრუნვეყოს, რომ მისი ექსტრადირება არ განხორციელდეს რუსეთში, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რუსეთში როგორ ეპყრობიან იმ ადამიანებს, ვისაც ბრალს სდებენ უკრაინაში ომში მონაწილეობაში. ასეთ დროს საქართველო ვალდებულია, მისი მოქალაქის ინტერესები და უფლებები დაიცვას, -ამბობს ქურდოვანიძე.
ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი სომხეთის ციხეში იმყოფება და ექსტრადირების მოლოდინშია.
გადასცემს თუ არა სომხეთი რუსეთს ქართველ ჯარისკაცს-ერევანში დაკავებულ გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.
კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.