სომხეთმა რუსეთს შეატყობინა, რომ უკრაინაში ბრძოლისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

08.09.25 16:12
სომხეთმა რუსეთს შეატყობინა, რომ უკრაინაში ბრძოლისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი დააკავა.

ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.

პრესპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვრის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).

კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.