სოფელ არალთან მომხდარ ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი დაიღუპა. გარდაცვლილი 15 წლის ბიჭი საფეხბურთო გუნდის, "ზარზმის აკადემიის" წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ავარია, დღეს, 8 სექტემბერს მოხდა. არლის გადასახვევთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა, CPR -ს ვუკეთებდით, გარდაცვლილი იყო. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს," - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცნობია აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით.