დაკავება რუსეთის ბრძანებით - როგორ გაატარეს სომხეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე, რომელზეც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული?
ვინ გაწირა რუსული ციხისთვის საქართველოს მოქალაქე? უკრაინაში მებრძოლი 29 წლის გიორგი კინოიანი სომხეთში ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნით დააკვეს. უკრაინის დასაცავად ბრძოლისთვის კინოიანს დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა და რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. საქართველოს მოქალაქე სომეხმა მესაზღვრეებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და სომხეთში შესვლას ცდილობდა.
გიორგი კინოიანი საქართველოდან სომხეთში 3 სექტემბერს გაემგზავრა, საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროს მისთვის ქართველ მესაზღვრეებს არ უთქვამთ, რომ რუსეთის მოთხოვნით იძებნებოდა და დაკავება ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინსიტრო ამტკიცებს, რომ რუსეთმა ქართველ მებრძოლზე ძებნა "დესეთეს" ქვეყნებში გამოცხადა საქართველო კი, როგორც "დესეთეს" არაწევრი ქვეყნა ამ ინფორმაციას სისტემაში ვერ ხედავს. გიორგი კინოიანი ახლა საფრთხეშია მას უკვე შეეფარდა საექსტრადაციო პატიმრობა და შესაძლოა ნებისმიერ დროს რუსეთის ციხეში აღმოჩნდეს.
რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის გადასარჩენად? - მაშინ როცა სომხეთმა რუსეთს უკვე აცნობა, რომ მის მიერ ძებნილი პირი დაკავებული ჰყავს, საქართველოს საელჩოს საკუთარი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური ერევნისგან არ აქვს - საგარეო საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ დაკავებაზე ინფორმაცია ოჯახისგან მიიღეს.