"მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს" - შსს განცხადებას ავრცელებს

08.09.25 21:08
"მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს" - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების პარალელურად განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, "წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს".

შსს-ს განცხადებით,  პოლიციელებმა მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს  შესაბამისი ზომები ვითარების   განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან  აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი  კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. 

მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო  კანონდარღვევის  თითოეულ ფაქტს  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მოქალაქეებს კახა კალაძის შტაბიდან ბოთლებსაც ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა მიუხედავად იმისა, რომ აქცია წინასწარ იყო დაანონსებული.