მელიქიშვილის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა

09.09.25 00:12
მელიქიშვილის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

ჟურნალისტის თქმით, მას დაემუქრნენ, რომ ტელეფონს წაართმევდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა შეაგინა, მეორემ კი ხელი კრა. 

აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან „ოცნების“ წარმომადგენლები, ისინი ისროდნენ ნივთებს და გადადიოდნენ პირად შეურაცხყოფაზეც.

"პუბლიკას" რეპორტიორს წაართვეს ტელეფონი, ამ დროს მივედი ოფისთან და ვიღებდი როგორ აგინებდნენ  შტაბიდან გამოსულები მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს, ამ დროს რამდენიმე დამემუქრა - შენც დაკარგავ მაგ ტელეფონსო. გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოლიციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა," - ამბობს ქეთევან ხუციშვილი. ("ბათუმელები")

შეგახსენებთ, რომ დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

[ფოტო: "ბათუმელები"]