საგამოძიებო სამსახურმა 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

15.10.21 10:15
საგამოძიებო სამსახურმა 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 2021 წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულმა შემდგომი გასაღების მიზნით, გორში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი შეიძინა, რომელიც თავისი მანქანით თბილისში გადაზიდა.

"ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან "DUBAO"-ს ფირმის, 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება 21 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.