საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი აპარატურა აძლიერებს მობილურ კავშირს - შსს-ს განცხადება

15.10.21 12:55
საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი აპარატურა აძლიერებს მობილურ კავშირს - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ აქციის მსვლელობის დროს აღმოაჩინეს პოლიციის კუთვნილი ხმის ჩამხშობი მოწყობილობა. შსს-ს ინფორმაციით, გუშინ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს აღმოჩენილი აპარატურა არა სიგნალის ჩამხშობი, არამედ, პირიქით, მისი გამაძლიერებელი მოწყობილობაა, რომელსაც პოლიცია გამართული მუშაობის მიზნით იყენებს.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.
ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.
აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით
- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოპოზიციის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა, რომელსაც ომში იყენებენ, გუშინ ხელისუფლებამ აქციის დროს თავისუფლების მოედანზე გამოიტანა. აღმოჩენილია მობილიური კავშირის სიგნალის ჩამხშობი და პორტატული მოსასმენი მოწყობილობა. აღნიშნული აპარატურა სუს-მა საკრებულოს შენობაში დაამონტაჟა და სიგნალს ახშობდა, რომ აქციის მონაწილეებს ვერავისთვის დაერეკათ, არ ყოფილიყო ინტერნეტ კავშირი და ჩვენ ტელევიზიებს არ ჰქონდა იმის ჩვენების საშუალება, რამდენი ათასი ადამიანი მივიდა აქციაზე.