პასუხისმგებლობას ვერავის დავაკისრებთ - შვილმკვდარი მამების პირველი ინტერვიუ ბათუმის ტრაგედიაზე

16.10.21 13:21
პასუხისმგებლობას ვერავის დავაკისრებთ -  შვილმკვდარი მამების პირველი ინტერვიუ ბათუმის ტრაგედიაზე

ტრაგედია ბათუმში - მამები, რომლების  შვილებიც კორპუსის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ, ტვ პირველთან პირველ კომენტარს აკეთებენ. რამაზ დავლაძე იხსენებს, რომ იმ ბინაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 1  ოქტომბერს იმყოფებოდა და მუშებს გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა. დავლაძეს მომხდარზე ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი უჭირს. 

აკეთებდნენ რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ ემ არ მინახია ეს 1-2 რიცხვის მერე. მე ვიყავი თბილისში წასული, მერე ჩამოვედი, მერე რაღაც ნიშნობა დაემთხვა, ერთი-ორი დღე იქ ვიყავი და ფაქტობრივად, თურმე აქ კარი არ იღებაო და მერე აღარ ვიცი რა მოხდა. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მართლა არ მინდა, ღმერთის მეშინია, ვიღაცას ხელი დავადო, რომ ამის ბრალია... დაველოდოთ...რაღაცა ხომ იქნება... პირველ რიგში,  ვიქნებოდი მანდ ნამყოფი, ჩავედი და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედლები და ამას ხელი თქვენ არ მოკიდოთ. მუშებს ვუთხარი. არაფერი არ მითხრეს, გასაგებიაო. ანუ მე რომ შევედი ორ ოთახიან ბინაშ, ფაქტობრივად, შევედი დიდ სივრცეში, არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. არაფერი იყო იქ დანგრეული კითხვის ნიშნები რომ გამოეწვია, მზიდი კედლები ყველა ადგილზე იყო, - ამბობს რამაზ დავლაძე.

ვერავის აკისრებს პასუხისმგებლობას გია ჩომახიაც, რომელსაც ტრაგედიის დროს მეუღლე და შილი დაეღუპა.

ყველამ ამ თემაზე უნდა იმუშაოს. მთავრობამაც და ყველამ. ვერავის ვერ ვაკისრებ პასუხისმგებლობას. მე ამხელა ცოდვას თავზე ვერავის ავკიდებ. მე შეიძლება ჩემი მოსაზრებები მქონდეს, ვერ ვიტყვი არასწორს, სად გავექცე ამ ცოდვას?, - ამბობს ჩომახია.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.