"გვინდა, ყველას გავაგებინოთ, რამხელა უსამართლობაა ქვეყანაში" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაზეთებს წალკაში არიგებენ
სიმართლის გამავრცელებელი გაზეთები დღეს წალკაში რიგდება. სინდისის პატიმრების მშობლები ამ წუთებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილას უყვებიან მოქალაქეებს რისთვის ისჯებიან, რეალურად, მათი შვილები.
წალკაში ჩამოვედით. ყველა რეგიონში გვინდა ჩვენი პატიმრების ხმა მივაწვდინოთ, გაიგონ, რა უსამართლოდ სხედან ეს ახალგაზრდები ციხეში, რამხელა უსამართლობაა ჩვენს ქვეყანაში. არ მგონია, ვინმეს გული არ ეტკინოს ამ ბიჭების წერილების წაკითხვის მერე, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
გაზეთების გასავრცელებლად პირველად გავიდა ანტონ ჩეჩინის მეუღლეც. მანანა სამხარაძე ამბობს, რომ წალკაში მათ ხალხი გულთბილად ხვდება.
მე დღეს ვიმყოფები რეგიონში პირველად გაზეთების გასავრცელებლად. მთელი ეს დრო ვერ დავდიოდი, რადგან მეგონა, რომ ემოციურად ძალიან გამიჭირდებოდა, ვინაიდან ანტონის გაცნობის შემდეგ მის გარეშე არსად ვყოფილვარ გასული თბილისიდან. იღებენ გაზეთებს და ნამდვილად თბილად გვექცევიან, პირველი შთაბეჭდილება ეს არის, ყოველ შემთხვევაში. ცოტათი შეიძლება, სევდაც გამიქარწყლდეს, - ამბობს მანანა სამხარაძე.