"შეგრძნება მქონდა, რომ მე თავი უნდა მემართლებინა" - ლევან ჯობავა მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე
სამოქალაქო აქტივისტმა, ლევან ჯობავამ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შეგრძნება ჰქონდა, რომ თავი უნდა ემართლებინა.
მისი თქმით, გამოკითხვის დროს, 10-დან 6 შეკითხვა იმას შეეხებოდა მან ხომ არ შეაგინა, გამოიწვია ან დაარტყა პირს, რომელიც მოგვიანებით პოლიციას გადასცა და რომელიც მას იარაღით ემუქრებოდა.
მეორე დღეს დამიკავშირდა გამომძიებელი, ძალიან მოწიწებით, ზრდილობიანად, ბატონობით, სახლთან მოვიდნენ, ოქმი შემავსებინეს, მეორე დღესაც მელაპარაკნენ, რომ აი ხო იცით და კი ბატონო, მე მოსამართლის თანდასწრებით გამოვიკითხები. დარბაზშიც შევხვდით, ფოიეში ველოდებოდით ერთად და როგორც კი დაიწყო ამბავი განწყობა არ შეცვლია, მაგრამ, პირობითად ვთქვათ, თუ იყო დასმული ათი შეკითხვა, 10-დან 6 იყო იმის ირგვლივ: მე ხომ არ შევაგინე, მე ხომ არ გამოვიწვიე, მე ხომ არ დავარტყი, მე ხომ არ დავაშავე აქ რამე. შეგრძნება მქონდა, რომ მე თავი უნდა მემართლებინა.
იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც "ქართული ოცნების' პარლამენტარების ცოლები მშობიარობენ, მშობლები მკურნალობენ და შვილები სწავლობენ, იარაღიანი ტიპის განეიტრალებაზე თავის მართლება მოქალაქეს უეჭველი არ უწევს," - განაცხადა ლევან ჯობავამ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ლევან ჯობავამ წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი არასრუწლოვან ტიტუშკას, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად ბესიკის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა, რადგან მისი იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა. პარალელურად, უწყებამ გამოძიება ახალი, ძალადობის მუხლით დაიწყო.