ცესკო-მ არჩევნების შედეგები შეაჯამა

17.10.21 11:30
ცესკო-მ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა.

თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 19; "ნაციონალური მოძრაობა" – 13; „საქართველოსთვის“ – 4; "ლელო" – 2; ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 1; ანა დოლიძე -„ხალხისთვის“ – 1.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება:  თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში. ამასთან,მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში.

“ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები მიიღო; ასევე მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმადაც, არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი, მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ტურზე მოდიფიცირებული, განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები იქნება გამოყენებული, ასევე განხორციელდება ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები კვლავ შეძლებენ, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია სპეციალური უბნები.

მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები”, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.