"ოცნების" მაღალჩინოსნის შვილს, რომელმაც არასრულწლოვანი სცემა, 15 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
მარნეულში არასრულწლოვანის ცემის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილს, მამუკა გიგანს 15 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, მერაბ მერაბიშვილი ავრცელებს.
მარნეულის სამაგისტრო სასამართლოში პროცესი 22 სექტემბერს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე, გვანცა ჩიქოვანმა გამოაცხადა.
ბრალდება წაუყენეს 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გირაო 15 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. თანხის გადახდის შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება," - განაცხადა ადვოკატმა. (MarneuliNews.ge)
შეგახსენებთ, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი, ბრალდების მიხედვით, 17 წლის ბიჭს ეთნიკური ნიადაგით სცემდა – მიზეზად მას ქართული ენის დაუფლება დაუწუნეს.
მანამდე, დაზარალებული ბავშვის დედამ განაცხადა, რომ პოლიციამ მუქარის ქვეშ მისი ჩვენება შეცვალა. ქალს დააწერინეს, თითქოს არანაირი პრეტენზია არ აქვს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის შვილთან.