პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძეს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხიმიანება პატიმრის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ჩიკვაიძეს პაემნის უფლება აეკრძალა. უწყება აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძემ სექტემბრის თვეში უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.
აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).
რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა, რომ მის შვილს მშობლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. ოჯახი ფაქტს ჩიკვაიძის მიერ "TV პირველთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც ის საუბრობს საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ ქოლ-ცენტრებზე.
დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. “ბიზნესმენს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.