"[ასეფ ჩირაგოვი] 2 დღეა გამქრალია" - "ძლიერი საქართველო" პოლიციისგან პასუხებს ითხოვს

23.09.25 17:25
"[ასეფ ჩირაგოვი] 2 დღეა გამქრალია" - "ძლიერი საქართველო" პოლიციისგან პასუხებს ითხოვს

"[ასეფ ჩირაგოვი] 2 დღეა გამქრალია" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ ბოლნისის პოლიციის შენობასთან განაცხადა. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს სურს გაიგოს, რატომ არ ინტერესდება გამოძიება ასეფ ჩირაგოვის და მისი ოჯახის წევრების გაუჩინარები და არის თუ არა გამოძიება ღია მუქარის და შანტაჟის მუხლით დაწყებული. 

გალდავას უწყებაში განუცხადეს, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები. 

ვიმყოფებით პოლიციის შენობასთან 1 საათზე მეტია, სამჯერ უკვე მივმართეთ ჩვენ მათ, ველოდებით მაგრამ პასუხი კვლავ არ არის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ პოლიცია გამოყენებული არის პოლიტიკურ ინსტრუმენტთან, რადგან მათ არ სურთ ნათელი მოჰფინონ იმ ამბავს, რასაც ვეუბნებით და რაც შეიტყვეს მედიიდან, რომ ადამიანზე ხორციელდებოდა ყველა სახის ზეწოლა, ადამიანი არის გამქრალი. 

ჩვენ გვაქვს მცდელობები, უკვე მეორე დღეა, მასთან დავამყაროთ კონტაქტი, მაგრამ ვერ ვამყარებთ, ვერც მისი ოჯახის წევრებთან. იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები მისული მის საცხოვრებელ სახლთან, მაგრამ ისინი არ ჩანან. ამიტომაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები იმისა, რომ მთლიანად ოჯახი იმყოფება ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ, რასაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგანაც ერთხელ უკვე ფულადი სარგებლის მიღებაზე და მოსყიდვაზე უარი აქვს ნათქვამი, ზეწოლა, შანტაჟ ან სხვანაირი მუქარა. ყველა მხრივ, ეს იძლევა ეჭვის საბაბს იმისას, რომ ჩადენილი არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის მქონე ქმედება. ამიტომაც მოვედით პოლიციაში, ვითხოვთ პოლიციის უფროსთან შეხვედრას და ვითხოვთ პასუხს კითხვაზე - იწყებს თუ არა გამოძიებას და ზოგადად, დაინტერესებული არის თუ არა ასეფ ჩირაგოვის მოძებნის საკითხით," - განაცხადა ლანა გალდავამ. 

ასეფ ჩირაგოვს და მის ოჯახის წევრებს ვერც ოჯახის ახლობლები უკავშირდებიან. მათი თქმით სახლში არავინ არ არის და ტელეფონზე არ პასუხობენ. 

არ არის სახლში, 2 დღეა არ არის. ტელეფონი გამორთული აქვს, Whats up-ი საერთოდ გაუქმებული აქვს... კი, გუშინ შუადღის მერე ვაფშე [გაუჩინარდა]. კი, [ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს], არა, არ არიან სახლში," - ამბობს ოჯახის ახლობლები. 

ცნობისთვის, ბოლნისში "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. 

მოგვიანებით, კოალიციამ განაცხადა, რომ ქვემო ქართლში სუს-მა კოალიციის კანდიდატების დატერორება დაიწყო.