ხაბეიშვილის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ - მარიზი კობახიძე

23.09.25 21:12
ხაბეიშვილის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ - მარიზი კობახიძე

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ლევან ხაბეიშვილის საპროტესტო მუხტისთვის მადლობას უხდის. პოლიტიკოსისადმი მადლობის სიტყვები მან 300-ე დღის აქციაზე გააჟღერა, სადაც თქვა, რომ ხაბეიშვილის დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს და მისი შვილივით ისიც თავისუფალი უნდა იყოს. 

ლევან ხაბეიშვილს ვეტყვი ძალიან დიდ მადლობას ამ მუხტისთვის. ლევან ხაბეიშვილი ძალია გვიან დააპატიმრეს, მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ამიტომ ვპირდებით მას, რომ მის დაწყებულ საქმეს აუცილებლად დავასრულებთ და როგორც ჩემი შვილი იქნება თავისუფალი, ასევე იქნება ლევან ხაბეიშვილი თავისუფალი და ისტორიას დარჩება მისი სახელი. ლევან ხაბეიშვილს არ უნდოდა მეთაურობა, ხაბეიშვილმა თქვა გულით სათქმელი, იმიტომ, რომ გამწარებული იყო იმ მდგომარეობით, რაც იყო საქართველოში, - ამბობს მარიზი კობახიძე. 

ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე ხანგრძლივმა პროტესტმა დღეს 300 დღე შეადგინა. დიდი მსვლელობა 300 არაგველის მონუმენტიდან უკვე დაიწყო. მოქალაქეები პარლამენტისკენ მიემართებიან, იმ ადგილისკენ, სადაც საპროტესტო ტალღა სამასი დღის წინ დაიწყო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 300 დღეა უკვე ქუჩაში იბრძვიან და იბრძოლებენ იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. 

 

მსგავსი სიახლეები