თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 აფეთქება მოხდა
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა - როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული. ის ახალგაზრდა გოგოა, რომელმაც აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო. 19 წლის გოგო ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული.
წინასწარი ვერსიით, ორივე შემთხვევაში მიზეზი ბუნებრივი გაზის გაჟონვაა.
აფეთქების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მოქალაქე ლაშა შეროზია. მისი თქმით, პირველი აფეთქების შემდეგ დასახლებაში გაზის სუნი კვლავ იდგა და მოითხოვდნენ მილსადენების შემოწმებას.
სასწაულებრივად გადავრჩით. ვერ გიპასუხეთ ბოდიში. კარგად ვართ მადლობა ღმერთს. ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას.
წუხელ ჩვენს წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა, გადარჩა საბედნიეროდ. ამის შემდეგ ისევ გაზის სუნი რო იყო სამაშველოს ვუთხარი სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერითქო, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო. რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთწება და ნგრევა", - წერს ლაშა შეროზია.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფერთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ლოტკინიდან სხვა უბნებშიც ისმოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.