"საქართველოს რეგრესი ევროპულ გზაზე ტრაგიკულ მასშტაბებს აღწევს" - ირაკლი ქერაშვილის წერილი ციხიდან

24.09.25 12:19
"საქართველოს რეგრესი ევროპულ გზაზე ტრაგიკულ მასშტაბებს აღწევს" - ირაკლი ქერაშვილის წერილი ციხიდან

საქართველოს რეგრესი ევროპულ გზაზე ტრაგიკულ მასშტაბებს აღწევს, - ამის შესახებ სინდისის პატიმარი ირაკლი ქერაშვილი საპატიმროდან გამოგზანილ წერილში წერს. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას მოიტანს. 

ქერაშვილი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება შეექმნათ.

უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ჩვენ ვკარგავთ პრივილეგიას!

სავარაუდოდ “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს დაავიწყდათ რიგები საელჩოებში და უზარმაზარი სამოგზაურო ხარჯები, ამას გარდა, ბევრად მძიმე სურათია, რომელსაც ვერ იაზრებს ჯანმრთელი ადამიანი...
მე, როგორც ექიმს, ყველაზე მეტად მაწუხებს იმ ადამიანთა ბედი, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ალბათ, არაერთხელ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში პოსტი, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს უგროვებდნენ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის თანხას, შეგიხედავთ, დასევდიანებულხართ, პოსტის აღწერა წაგიკითხავთ და შოკირებულიც დარჩენილხართ შესაგროვებელი თანხის კოლოსალურობით. ალბათ ბევრ თქვენგანს ძალიან გინდოდათ დახმარებოდით, თუმცა, მძიმე სოციალური დგომარეობის გამო, მომდევნო პოსტზე გადასულხართ...

ამ პაციენტთა უმრავლესობას სასწრაფოდ ესაჭიროებათ მკურნალობა და თითოეულ დაზოგილ საათსა და წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სწორედ უვიზო მიმოსვლა უზრუნველყოფს მათ დროულ მკურნალობას.

ამასთანავე, არაერთი საქართველოს მოქალაქე სარგებლობს ევროპული ჯანდაცვითი სისტემით.
ჩვენ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, ევროპა უსასყიდლოდ გვიწევს დახმარებას, რასაც საფრთხეს უქმნის უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

ასევე, არ შემიძლია არ შევეხო უვიზოს მნიშვნელობას, მე, როგორც ემიგრანტი დედის შვილი - მძიმე სოციალურ ფონზე, ქვეყნიდან მშობლების დიდი მიგრაცია მოხდა, რათა სამშობლოში დარჩენილი ოჯახები შეენახათ, უვიზო მიმოსვლამდე წლობით ვერ ხედავდნენ შვილები მშობლებს...

საქართველოს რეგრესი ევროპულ გზაზე ტრაგიკულ მასშტაბებს აღწევს, სამწუხაროდ, არ იქნება მარტივი ამ ჭაობიდან ამოსვლა, მაგრამ არსებობს საზოგადოების ნება, შესაბამისად, იმედს არ ვკარგავთ, რომ შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას!, - წერს ქერაშვილი.

მსგავსი სიახლეები