აფეთქება ლოტკინზე - საცოდავი გოგო სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძვის, უბანში ბავშვები დაზაფრულია, უვიცების ხელშია ყველაფერი
ლოტკინზე, აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ამ დრომდე არავინ ეუბნება, ვინ აუნაზღუარებს ზიანს? სამღერეთის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ნაძალადევის გამგეობიდან მივიდნენ, მაგრამ დაზარალებულებს ჯერ არავინ დალაპარაკებია.
ადგილობრივები კი "პირველებთან" გუშინდელ საზარელ ღამეს იხსენებენ და ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ "ბავშვები დაზაფრულები არიან, რადგან აფეთქებამ თითქმის ყველა სახლს ფანჯრები ჩაუმსხვრია.
მოვიდნენ გუშინ რაღაცა აპარატგადაკიდებულები და წავიდნენ დამშვიდებულები - ამბობს სამღერეთის ქუჩის მკვიდრი.
შეადნა ტანზე ტანსაცმელი, გონზე იყო, არ დაუკარგავს გონება. საცოდავი გოგო დღესაც სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძის და გუშინ ღამით ეს უბედურება მოხდა. ამოვიდნენ გუშინ რაღაცა აპარატგადაკიდებულები და წავიდნენ დამშვიდებულები, ბავშვები დაზაფრულია, სულ დალეწილია ფანჯრები. ეს არის არაპროფესიონალიზმი, უვიცების ხელშია ყველაფერი. ვინც სპეციალისტი იყიო, გაიკრიფა ქვეყნიდან და ახლა არიან, ოღონდ რამენაირად არჩევნები გადააგორონ", - ამბობს ადგილობრივი.
ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ 19 წლის გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ამის შესახებ "პირველებს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.