ფეხსა და სახეში დამარტყა, არაადეკვატური იყო - გორში სპეცრაზმელმა ახალგაზრდა ქალი გაიტაცა

18.10.21 11:29
ფეხსა და სახეში დამარტყა, არაადეკვატური იყო - გორში სპეცრაზმელმა ახალგაზრდა ქალი გაიტაცა

გორში სპეცრაზმელმა ახალგაზრდა ქალი გაიტაცა. დაზარალებული ირწმუნება, რომ ბესიკ წკრიალაშვილი მერიის თანამშრომელთან ერთად მოქმედებდა. შემთხვევა 13 სექტემბერს მოხდა. 23 წლის ქალის ინფორმაციით, სპეცრაზმელს მასზე დაქორწინება სურდა, რის გამოც ის საკუთარი ეზოდან მოიტაცეს  და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.

ქალი ამბობს, რომ გამტაცებლები მას გზაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მის შეყვარებულს კი ურეკავდნენ და ქალზე სექსუალური ძალადობის შესახებ უყვებოდნენ. ამის გარდა, ქორწინებაზე უარის შემთხვევაში, გამტაცებლები ქალს ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. 

ჩემი ნიშნობის მეორე დღეს საკუთარი სახლის ეზოს მიმიდებარე ტერიტორიიდან ორმა პიროვნებამ, ბესიკ წკრიალაშვილმა და სოსო მარანელმა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემი თავისუფლება აღკვეთეს, გამიტაცეს, მოტივი იყო, რომ მისი მეუღლე გავმხდარიყავი, ჩემზე ახორციელებდა როგორც ფიზიკურ, ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფას, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. დაზიანებები მქონდა ხელის არეში, ფეხის არეში, სახეზე გამარტყა ორჯერ. ამ ორმა ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, - ამბობს დაზარალებული.

ფაქტს შსს მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ საქმე არაერთ დანაშაულს შეიცავს. 

ამ დროისათის სპეცრაზმელი თურქეთშია გაქცეული, საჯარო მოხელე კი ციხეშია.