ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა, თუმცა, ოკუპანტი რუსეთი არ უხსენებია

25.09.25 19:15
ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა, თუმცა, ოკუპანტი რუსეთი არ უხსენებია

არცერთი სიტყვა ოკუპანტ რუსეთზე  - მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ისაუბრა, თუმცა, ოკუპანტი რუსეთი არ უხსენებია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ.

გამოსვლისას "ოცნების" პრეზიდენტმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობასაც მიმართა 

"მინდა, მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. 
ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის" - თქვა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხაადებია, თუმცა აქაც არ უხსენებია რუსეთი, როგორც მტერი და ოკუპანტი. 

2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით,  რომლის იარებიც,  დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის, დღესაც საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს, იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვენლობას კარგად ვაცნობიერებთ", - განაცხადა ყაველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები