მოკლული ქალი ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა - საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

18.10.21 12:41
მოკლული ქალი ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა - საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

"პირველების" ინფორმაციით, თბილისში მოკლული 25 წლის ქალი ანასტასია შატალოვაა.  ის ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს, შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და ყოფილ მაღალჩინოსანთან სამართლებრივ დავას აწარმოებდა. 

სატელევიზიო არქივში არსებობს შატალოვას ხმაურიანი ინტერვიუები, სადაც ქალი ყვებოდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაართვა და მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.  

"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, პოლიცია ზურაბ ბერიძის სახლში შევიდა, ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების კითხვებს პასუხობს. 

ირკვევა, რომ ბოლოს კონფლიქტი ბერიძესა და შატალოვას შორის ერთი კვირის წინ მოხდა, რის შემდეგაც ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა. 

რაც შეეხება სასტიკ დანაშაულს,  "ტვ პირველის" ინფორმაციით, შატალოვას მკვლელი სახლის სადარბაზოსთან ელოდა, ჩაუსაფრთდა და შვიდი ტყვია მიმბჯნით ესროლა.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მკვლელი მარტო მოქმედებდა და ის მაშინ შენიშნეს, როცა ტერიტორიას ტოვებდა. 

თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი, უცნობია. სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, კორპუსთან დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები უკვე დაათვალიერეს. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.