ლევან ჯანგველაძე ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა - მოკლული ბიზნესმენის მძღოლი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში იკითხება მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მძღოლი - გია ჩადუნელი.
ჩადუნელი ამბობს, რომ ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა, ფარცხალაძესთან ბოლო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კი, ჯანგველაძე მას რადიკალურად სხვანაირი და გაკვირვებული მოეჩვენა.
„ჯანგველაძის ოჯახს 17 წელია ვიცნობ. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ უმუშევარი დავრჩი და კერძო დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. ბიზნესმენ ავთო საყვარელიძესთან ვმუშაობდი, შემდეგ მოვხვდი ლევან ჯანგველაძესთანაც“, - განაცხადა ჩადუნელმა.
მისივე ჩვენებით, ჯანგველაძე საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. როგორც ჩადუნელმა აღნიშნა, თავად ძმებ მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს და ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს.
როცა ჯანგველაძე ქვეყანაში ჩამოდიოდა, ის მას ან მის მამიდაშვილს - მიხეილ ბერძენიშვილს ურეკავდა, რუსეთიდან წამოსასვლელ ბილეთს თვითონ ყიდულობდა, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა აქედან გასაფრენად ბიზნესკლასში ადგილი არ ყოფილა, თამაზ გაიაშვილთან დაურეკავს, იქ ჩადუნელი მისულა და აუღია ბილეთი,- ამბობს ის.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, შეხვედრია თუ არა ფარცხალაძე და ჯანგველაძე საქართველოში ერთმანეთს, მოწმემ დადებითი პასუხი გასცა.
„შარშან, ზაფხულში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს მივედით, კორპუსის პირველ სართულზე შევიდა, დაახლოებით, ერთი საათი შიგნით იყო. თვითონ ლევანისგან ვიცოდი, რომ ფარცხალაძეს შეხვდა. ნორმალურ ხასიათზე იყო, ისევ „ამბასადორში“ დავბრუნდით. კითხვები არ დამისვამს“, - განაცხადა ჩადუნელმა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მიქაძეები ნახა თუ არა იქ, ჩადუნელი ამბობს, რომ “დაზუსტებით ვერ იტყოდა".
მან ასევე გაიხსენა ფარცხალაძესთან ჯანგველაძის კიდევ ერთი შეხვედრის ეპიზოდი.
„ფინანსურ პოლიციაში წავედით, თქვა, ოთარ ფარცხალაძეს უნდა შევხვდეო. იქ დაახლოებით, ნახევარი საათი დარჩნენ. ჯანგველაძეს თანმხლები პირი მოჰყვებოდა, ხელი ჩამომართვა, გადამეხვია, ერთმანეთს მივესალმეთ, თავში დამარტყა, რომ ეს იყო ოთარ ფარცხალაძე, სხვა კომუნიკაცია და ნაცნობობა მასთან არ მქონია",- განაცხადა ჩადუნელმა.
მისი ჩვენებით, იმ ადგილზე იმყოფებოდა ჯანგველაძის მამიდაშვილი მიხეილ ბერძენიშვილიც, რომელსაც ფარცხალაძემ ხელი ჩამოართვა.
მომზადებულია ipn-ს მიხედვით.