სამინისტროს არ აქვს ბერკეტი, აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი კლინიკებში - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარდალეიშვილის კლინიკაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც პაციენტი სავარაუდოდ, ექიმების გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა, რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მონიტორინგის ბერკეტები არ აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად არ აქვს ბერკეტები, რომ აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი კლინიკებში. სწორედ ამას ემსახურებოდა ის ინიციატივა, რომელიც შეტანილი იყო პარლამენტში ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რომელიც დღემდე არ არის მიღებული. ჩვენ უკვე გავრცელებულ ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება, როდესაც გავრცელდა ქალბატონი ადამიას ვიდეო. რეგულირების სააგენტო იმყოფებოდა ადგილზე. გავეცნობით დასკვნას", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მარდალეიშვილის კლინიკაში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტის ოჯახი კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ის გარდაცვლილად გამოაცხადეს და უყურადღებოდ დატოვეს.