დაიკითხება თუ არა მოსამართლე, რომელსაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა - სასამართლო პროცესები 1 ოქტომბერს დაიწყება

29.09.25 17:43
დაიკითხება თუ არა მოსამართლე, რომელსაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა -  სასამართლო პროცესები 1 ოქტომბერს დაიწყება

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას სასამართლო პროცესები 1 ოქტომბერს დაიწყება. სხდომაზე გაირკვევა, დაიკითხება თუ არა მოსამართლე, რომელსაც მელიამ წყალი შეასხა.

ადვოკატი აცხადებს, რომ მელიას გატაცების საქმეზეც არანაირი სიახლე არ არსებობს. მიუხედავად იმის, რომ მომხდარიდან 100 დღეზე მეტია გასული, საგამოძიებო უწყებები აღნიშნულ საქმეს საერთოდ არ იძიებენ.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლე, რომლის შეურაცხყოფასაც მელიას ედავებიან,  არც დაზარალებულად უცვნიათ, არც დასაკითხთა სიაში შეუყვანიათ.

4 თვის წინ , ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ გაიტაცეს, მას წაართვეს მობილური ტელეფონი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ავტომანქანებიდან მოგლიჯეს ვიდეოჩამწერი მოწყობილობები და დღემდე, აღნიშნულ საქმეზე ერთი ფურცელიც კი არ გადმოგვცემია. ფაქტობრივად ნიკა უკანონოდ დაკავებული და გატაცებულია, არც საქმე მიუტანიათ სასამართლოში და საერთოდ მსვლელობა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა. მიუხედავად ამისა, 1 ოქტომბერს ჩანიშნულია სასამართლო პროცესი და აქტიურად განიხილება აღნიშნული საქმე. თავისთავად ნიკა არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი, მისი დაკავება და გატაცებაც ამას მეტყველებს. ნიშანდობლივია კიდევ ერთი გარემოება, ბრალდება მოიცავს მოსამართლის შეურაცხყოფას, თუმცა პროკურატურას ის არც დაზარალებულად უცვნია, არც დასაკითხთა სიაში შეუყვანიათ. ანუ მოსამართლე, ვის შეურაცხყოფასაც ედავებიან ნიკა მელიას, საერთოდ არ ფიგურირებს საქმეში, არ არის მისი პოზიცია, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს აღნიშნული მართლმსაჯულების ფორმალურ  ხასიათზე.

მელია ფაქტობრივად 2-ჯერ დაიჭირეს, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაჭერაზე, ნიკასთან გავივლით პოზიციას და შესაძლოა, დავაყენოთ შუამდგომლობა მორიგ ჯერზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ რაიმე სახის კანონიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე ვერ მოგახსენებთ, - განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.