"ბინის და ორი ავტომობილის ყიდვას ედავებიან" - რა წერია ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ ბრალის დადგენილებაში
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ "პირველებს" ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველის მშობლებს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლიეგალიზებაში დახმარებას ედავება. ბიზნესმენისა და მისი ოჯახის ინტერესების დამცველის თქმით, საქმე ეხება ბაჩიაშვილის მიერ მშობლებისთვის ნაჩუქარ ბინას და ორ ავტომობილს.
ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონმდებლობით დანაშალს არ წარმოადგენს და ყველაფერს გააკეთებს ამის დასადასტურებლად.
გადმომეცა როგორც ბრალდების დადგენილებები, ასევე საქმის მასალები. საკმაოდ მოცულობითია, 19 ტომია, თუმცა, რასაც ზედაპირულად გადავხედე, ძირითადად, ბრალდების არსი გახლავთ ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა წლების წინ მშობლებს უყიდა ბინა და ორი მანქანა, თუ არ ვცდები, და ეს გამოძიების მიერ მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზებად, რაც ცხადია, მოქმედი კანონმდებლობით არ ითვლება დანაშაულად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დადასტრდეს, - ამბობს ლევან მახარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".
აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.
ასევე ცნობილია, რომ თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელის მშობლების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.