"ხომ მაინც დაგაკავეთ" - ადვოკატი და აქტივისტები გელა ხასაიას დაკავების დეტალებზე

30.09.25 11:26
"ხომ მაინც დაგაკავეთ" - ადვოკატი და აქტივისტები გელა ხასაიას დაკავების დეტალებზე

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას დაკავება უწყვეტ პროტესტს უკავშირდება. 

ისინი ადვოკატზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გელა ხასაიას უთხრა - "ხომ მაინც დაგაკავეთო". 

როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც ადვოკატმა გვითხრა, გელას უთხრეს, რომ შენ მაინც ხომ დაგაკავეთო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ აქციებს და სწორედ უწყვეტ პროტესტს უკავშირდება გელა ხასაიას, გუშინდელი, სპეცოპერაციით დაკავება. 

წარმოუდგენელია რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ გელა ხასაია დააშინონ, გელა ძალიან მხნედ არის," - ამბობს მარიამ შუშანია. 

გელა ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე აცხადებს, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც მის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას, სხვადასხვა დროს ყოფილა აქციაზე, როგორც შსს-ს წარმომადგენელი. 

სავარაუდოდ, საუბარია 2025 წლის პირველ სექტემბერს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის მონაწილე, ერთ-ერთი შემსწრე იყო გელა ხასაია. 

ყველა ის პოლიციელი, რომელიც იღებდა მონაწილეობას დაკავებაში, ან შეხვდა განყოფილებაში დაკავების შემდგომ და მოუწია მასთან კომუნიკაცია, იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს ყოფილა აქციაზე, როგორც შსს-ს წარმომადგენელი და მათ შორის, ცალკეული პირების მხრიდან, ცალკეული პოლიციელების მხრიდან გელა ხასაიას პირადად მიუღია მუქარა, რომ მას დააკავებდნენ და მას დააკავებდნენ არა ადმინისტრაციული წესით. ეს ფრაზები მოუსმენია სხვადასხვა დროს," - განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

ცნობისთვის, გელა ხასაია გასულ ღამეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. 

მუხლი, რომელსაც შსს გელა ხასაიას ედავება, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.