"[გელა ხასაია] არ აღიარებს დანაშაულს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა დანაშაულზეა საუბარი" - ჩომახაშვილი
"არ აღიარებს დანაშაულს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა დანაშაულზეა საუბარი" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა. მან გელა ხასაია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ცოტა ხნის წინ მოინახულა.
უფლებადამცველის თქმით, დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი აქტივისტზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და ეუბნებოდა, რომ როგორც სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე დააკავეს, ისე დააკავეს ისიც.
ის არ აღიარებს დანაშაულს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ დაველოდებით ამ თვალსაზრისით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად, ჩვენ პოზიციას უკვე საქმის დეტალებზე მერე მოგახსენებთ, მაგრამ ამ ეტაპზე დანაშაულზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დანაშაულს გელა ხასაიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება დაკავებას, გელა აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელზეც თავად დეტალურად ისაუბრებს სასამართლოში, სხვადასხვა სიტყვებს ეუბნებოდა, მათ შორის, ერთ-ერთ ჩემ დაცვის ქვეს მყოფზე, საბა სხვიტარიძეზე ეუბნებოდა, რომ როგორც საბა დავაკავეთ ისე დაგაკავეთ შენცო. პატარა ადამიანის სიტყვებია, დაკავებულ ადამიანზე ასეთი რამის განხორციელება, ზოგადად პატარა ადამიანებს სჩვევიათ ასეთი რამ, რომ მოწყვლად ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ და ეს ადამიანი, სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცი, აუცილებლად გავარკვევ სახელ და გვარს და სასამართლოზეც მოვიწვევ," - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, გელა ხასაია გუშინ, 29 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.