"გაჭირვებულ ადამიანს კიდევ ზედმეტად წიხლი დაადგეს" - შოთა ქარუმაძის და

30.09.25 15:24
"გაჭირვებულ ადამიანს კიდევ ზედმეტად წიხლი დაადგეს" - შოთა ქარუმაძის და

მძღოლის, შოთა ქარუმაძის განაჩენს, რომელმაც ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა, მისი და "ტვ პირველთან" ეხმიანება და ამბობს, რომ სასამართლომ გაჭირვებულ ადამიანს "ზედმეტად წიხლი დაადგა". 

მისი თქმით, ისინი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ასეთ საშინელ [გადაწყვეტილებას] არ ველოდებოდი. ასეთს ნამდვილად არ ველოდებოდი. გაჭირვებულ ადამიანს კიდევ ზედმეტად წიხლი დაადგეს. არ ველოდი, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. კი, ალბათ [გავასაჩივრებთ]," - განაცხადა შოთა ქარუმაძეს დამ. 

ცნობისთვის, შოთა ქარუმაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის "უკანონოდ" კვეთაში "დახმარების" ბრალდებით, 5 მარტს დააკავა.

სასამართლომ მას  4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.