"ეს განაჩენი არის დეფექტური" - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი
"ეს განაჩენი არის დეფექტური" - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადებული განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება ჯერ შიდა ინსტანციებში, შემდეგ კი საერთაშორისო ინსტანციებში.
ეს განაჩენი და მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესი თავიდან ბოლომდე არის დეფექტური იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი მიმდინარეობდა გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ. გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნის საზღვარი არ დაუტოვებია იმის გამო, რომ მას უბრალოდ სურდა შესაბამისი პროცედურების გვერდის ავლით გადაადგილება სხვა ქვეყანაში, ეს იყო განპირობებული მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის უპირატესობით და ეს დადასტურდა შემდგომში, 11 ივლისს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მასზე განხორციელებული თავდასხმით. ამიტომ ეს განაჩენი არ ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს, სამართლებრივ მოთხოვნებს, არ ეფუძნება სისხლის სამართლის კოდექს, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნეს ცნობილი, თუ უკიდურესი აუცილებლობის პირობებში მოქმედებდა, ამიტომ ეს განაჩენი გასაჩივრდება როგორც შიდა ინსტანციებში, ასევე საერთაშორისო ინსტანციებში," - განაცხადა ჯანდიერმა.
ცნობისთვის, საზღვრის კვეთის საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.