ბაჩიაშვილის მშობლების პროცესი - რა ხდება სასამართლოში

30.09.25 17:00
ბაჩიაშვილის მშობლების პროცესი  - რა ხდება სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე, პროცესი მიმდინარეობს. 

ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მბრალდებელმა ბაჩიაშვილის მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. რომელიც მოსამართლე, ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა. 

ამ დროისთვის, პროცესზე მათი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები დღეს დილით ჩაბარდა, ხოლო სასამართლო პროცესის შესახებ სულ რაღაც 2 საათის წინ გაიგეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილის მშობლები ამ დროში ქვეყანაში დაბრუნებას ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ. 

პროცესის დაწყებამდე ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალებში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მშობლების წინააღმდეგ საჯარო რეესტრის და მომსახურეობის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის გარდა არაფერია. 

ფაქტობრივად სიახლე ამ საქმეში არაფერი არ დევს, შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუკი მსგავსი ეჭვი ჰქონდა გამოძიებას, რატომ არ მოხდა თუნდაც ერთხელ დედამისის, ან მამამისის გამოკითხვა, ეს ერთი. მეორე, ძალიან სადავო არის, არა იურისტისთვისაც კი, ამას არ სჭირდება საოცარი კომპეტენციის ქონა, რომ თვითონ ფაქტი, პირობითად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მშობლებისთვის უძრავი ქონები, ან ავტომობილი შეძენის, ცალკე აღებული თეორიულად რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. რაზეც ჩვენ გვექნება სათანადო სამართლებრივი შეფასება და მოვახდენთ ყოველგვარ რეაგირებას. 

ფაქტობრივად არაფერი არ არსებობს, გარდა საჯარო რეესტრის და მომსახურეობის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა," - განაცხადა ლევან მახარაშვილმა. 

ბაჩიაშვილის ოჯახის ადვოკატი, დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ  ეს სისხლისამართლებრივი დევნა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული დევნის გაგრძელებაა. 

ძალიან რთულია მოიძებნოს, თუნდაც საქართველოში, ისეთი სისუსტის ბრალის დადგენილება, როგორიც არის გიორგის მშობლებთან დაკავშირებით. ეს სისხლისამართლებრივი დევნა არის გაგრძელება იმ დევნის, რომელიც ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თავდაპირველად ეს დაიწყო ბაჩიაშვილის საქართველოში იძულებით ჩამოყვანის შემდეგ იმით, რომ მას შეუზღუდეს მშობლებთან კომუნიკაცია. ესეც არის საშუალება, ინსტრუმენტი გამოყენებული იმისათვის, რომ ზეწოლა იქნება განხორციელებული გიორგი ბაჩიაშვილზე. საბოლოო ჯამში, ეს მიზნად ისახავს დაშინებას, ზეწოლას იმისათვის, რომ არამართმსაჯულების მიზნები იქნეს მიღწეული ხელისუფლების მხრიდან," - ამბობს დავით ჯანდიერი. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს  და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".

აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.