საიამ „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

01.10.25 10:50
საიამ „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

საიას განმარტებით, სარჩელი შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონის 61-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის საიაზე, მასშტაბური მონიტორინგის პროცესი დაიწყო.

ორგანიზაციის ცნობით, სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, მოითხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ბანკებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან პერსონალური მონაცემები და ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოსა. გარდა ამისა, უწყებამ ორგანიზაციებს სამდღიანი ვადა დაუწესა დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად, რაც, საიას შეფასებით, კონსტიტუციის დებულებებს ეწინააღმდეგება.

საია ამტკიცებს, რომ აღნიშნული ნორმები არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და სამართლიანი განხილვის უფლებას.

„გრანტების შესახებ“ კანონის სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს განუზომელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ბანკებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს დაუდგინა სამდღიანი ვადა დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად. „გრანტების შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოს ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ეს გარემოება ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს არაგონივრულად მცირე ვადების დაწესების შესაძლებლობას, რაც ორგანიზაციებს დამატებით ბარიერებს უქმნის და შეუსაბამოა კონსტიტუციის დებულებებთან.

საია ამტკიცებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას. ამასთან, არაგონივრულად მცირე ვადის დაწესება არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას, - ნათქვამია განცხადებაში. 

საია საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მოუწოდებს, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე და დროულად მოიწვიოს განმწესრიგებელი სხდომა.

აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციის მეორე სარჩელია „გრანტების შესახებ“ კანონთან მიმართებით. პირველი სარჩელი 2025 წლის 18 აგვისტოს წარადგინა, სადაც ითხოვდა იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემა-მიღებას კრძალავს.