როგორ ემზადება "ოცნება" 4 ოქტომბრისთვის - ოპოზიციამ გელაძის უწყების სამოქმედო სტრატეგია გაარკვია
როგორ ემზადება "ქართული ოცნება" 4 ოქტომბრისთვის - ოპოზიციის ხელში გელა გელაძის უწყების სამოქმედო სტატეგია აღმოჩნდა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ 4 ოქტომბრისთვის "ოცნების" ხელისუფლება მასშტაბურ მობილიზაციას გეგმავს. მასალების მიხედვით, დაგეგმილია ყველა ძირითადი დანაყოფის გამოყვანა, მათ შორის - სასაზღვრო პოლიციის სპეციალური რაზმების, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლების.
დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელიც, ოპოზიციის ინფორმაციით, შესაძლოა, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მგამოიყენონ.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდი რეგიონებიდანაც შემოიყვანს ძალოვან რესურსებს და რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ კონცენტრაციას გეგმავს.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" შეშინებულია და ამას ცხადყოფს ივანიშვილის წერილიც და ძალოვნების ამგვარი მობილიზებაც. მისი თქმით, სუსი ცდილობდა, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის სამომქმედო გეგმა მოეპოვებინა, თუმცა პირიქით მოხდა.
ფაქტია, რომ რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის. ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც. ფაქტია ისიც, რომ სუსი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს, მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა, რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია "ქართული ოცნებიდან", მათ შორის, მათი ძალოვანი უწყებებიდან და ერთი რამ არის მთავარი: ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს თუ ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული, პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველები, ადამიანი და ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი, უბრალოდ, დამთავრებულები არიან. ამიტომ, ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ: 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრნი. ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, - ამბობს ნადირაძე.