ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა - შატალოვას საქმეზე დაკავებულის მამა პოლიციის წინააღმდეგ

19.10.21 13:15
ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა -  შატალოვას საქმეზე დაკავებულის მამა პოლიციის წინააღმდეგ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკავებული ლევან რაჯავის მამა, კამილ რაჯავი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს. 

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრი "ტვ პირველთან" ამბობს, პოლიციელები ფიზიკურად მასაც გაუსწორდნენ. 

კამილ რაჯავის თქმით, სამართალდამცავები მათ სახლში ბიძინა ხასიას ეძებდნენ. დაკავებისას უთხრეს, რომ ორივე მათგანი შატალოვას მკვლელობის საქმეზე აიყვანეს.

15-მდე ადამიანი შემოვარდა, რომ ამბობენ, ციხეში ჯოჯოხეთი იყოო, იგივე ხდებოდა ჩემს სახლში. ისე სცემეს, რომ ნეკნები ჩაუმტვრიეს, რამდენჯერმე მეც გამარტყეს. ერთ-ერთი დაკავებული, ხასია, ჩვენთან იყო სტუმრად. 

შევეკითხე, რა მოხდა-თქო, ახალგაზრდა ქალი მოკლესო. ჩემი ბიჭი მოკლულს არც იცნობდა -  აცხადებს დაკავებულის მამა.