ხმაური ზუგდიდში - სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფმა აქციის მონაწილეებს აგინა

08.10.25 12:18
ხმაური ზუგდიდში - სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფმა აქციის მონაწილეებს აგინა

სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფი გუშინ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გვასალია არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, ავტომობილსაც ნასვამი მართავდა.

მათივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსაც მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. ერთადერთი, რაც პოლიციამ გააკეთა, ლაშა გვასალია სახლამდე უვნებლად მიაცილეს. 

"თქვენ საგინებელი ხართ, თქვენ ხართ არამზადა", - ისმის გვასალიას სიტყვები აქციის მონაწილეების მიერ გადაღებულ კადრებში. 

აქციის ტერიტორიაზე გამოჩნდა ლაშა გვასალია, რომელმაც საპარკინგე სივრცეში დააყენა მანქანა და სრულად არაფხიზელ მდგომარეობაში, შეიძლება, ითქვას, გათიშული იყო ადამიანი, გადმოვიდა მანქანიდან. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ლაშა გვასალია ტრიალებდა პროტესტის სივრცის შორი-ახლოს. პროვოკაციულად დადგა და ძალიან დიდი ხანი ჩვენს სივრცეში იდგა. მან შეიგინა ჩვენი მისამართით და ამის შემდეგ დავიწყეთ გადაღება როგორ ილანძღება ის პირადად ჩემი მისამართით, იმიტომ, რომ მას არაერთხელ ჰქონია ჩემს მიმართ აგრესია და ეს გამოიხატებოდა მის ფეისბუქპოსტებითაც, სადაც ის მომიხსენიებდა არაერთი სალანძღავი სიტყვით, - ამბობს აქტივისტი მარიამ სიჭინავა. 

მომხდარის შემდეგ "პირველები" ლაშა გვასალიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რა პრივილეგიებით სარგებლობს და რატომ არ ჰქონდა მის ქმედებებზე რეგირება პოლიციას. 

სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფი უარყოფს, რომ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა პირველმა მან მიაყენა.

არ ვმართავდი მანქანას. შეურაცხყოფა ვის მივაყენე? აქეთ მომაყენეს შეურაცხყოფა, მომვარდნენ და "ეს გაბერილიო" და რაღაცეები, - ამბობს გვასალია სატელეფონო საუბარში.

აქციის მონაწილეები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვასალია მათთან ნასვამ მდგომარეობაში მიდის და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.  მათი თქმით, მსგავს შემთხვევას ადგილი იანვრის თვეშიც ჰქონდა, როდესაც მათ რეაგირებისთვის შსს-ს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები