შატალოვას მკვლელობის საქმე - რა წერია საქმის მასალებში

20.10.21 10:27
შატალოვას მკვლელობის საქმე -  რა წერია საქმის მასალებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამდღიანი დუმილის შემდეგ, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავებას ადასტურებს. 

გომალაურის უწყებამ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ, ოფიციალურად დაადასტურა. შსს-ს ცნობით, საქმეზე დაკავებულია  1988 წელს დაბადებული ბექა ლატარია, 1983 წელს დაბადებული ბიძინა ხასია და 1977 წელს დაბადებული ლევან რაჯავი.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებისას პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა.  

უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბრის ღამეს შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ბექა ლატარიამ ესროლა, შემდეგ კი ადგილი მანქანით დატოვა, რომელსაც ბიძინა ხასია მართავდა. გომელაურის უწყების ცნობით, ხასიამ საზარელი დანაშაულის შესახებ იცოდა. 

ირკვევა, რომ ბექა ლატარია მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. 

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა. პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო. ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობითვე, მესამე დაკავებულმა, ბინის მეპატრონემ, რომელშიც ბიძინა ხასია იმალებოდა ლევან რაჯავმა დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ისიც დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.