ექსკლუზივი - "ტვ პირველმა" შატალოვას სავარაუდო მკვლელის ან მკვლელობის თანამონაწილის ფოტო მოიპოვა

20.10.21 12:28
ექსკლუზივი - "ტვ პირველმა" შატალოვას სავარაუდო მკვლელის ან მკვლელობის თანამონაწილის ფოტო მოიპოვა

ექსკლუზივი: "ტვ პირველმა" თბილისში, საბურთალოზე ჩაცხრილული ანასტასია შატალოვას სავარაუდო მკვლელის ან მკვლელობის თანამონაწილის ფოტო მასალა მოიპოვა. 

კადრებით დგინდება, რომ ქალის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, იმ სადარბაზოში სადაც რუსეთის მოქალაქე შვილთან ერთად ცხოვრობდა, განათება დააზიანეს. კადრებში ასახული პირი განათების სისტემის დაზიანებას ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობს.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს, ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავს ბრალი პროკურატურამ უკვე წარუდგინა.

ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას ედავება.

ბიძინა ხასიას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარებას ედავებიან. 

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ლევან რაჯავი  პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებით დააკავეს.