საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი თანამდებობიდან ვადამდე გადადგა. სასამართლოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ის საკუთარი თხოვნით გათავისუფლდა თანამდებობიდან 2025 წლის 20 ოქტომბრიდან.
- გადადგომა თანხვედრილია იმ პერიოდთან, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობამ უნდა შეიტანოს სარჩელი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ, რაც ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც იმერლიშვილი "პირველებთან" ამბობს, მან შეთავაზება მიიღო საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორობაზე.
„11 თვე მქონდა უფლებამოსილების დასრულებამდე დარჩენილი. შემოთავაზება მივიღე კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორობაზე და დავთანხმდი. ეს უნივერსიტეტია „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი“ ბათუმში და იქ ახალ სამსახურს მომავალი კვირიდან ვიწყებ". - განაცხადა იმერლიშვილმა.
ირინე იმერლიშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეთაგან, რომელთა მიმართაც ლიეტუვამ სანქციები 2024 წლის აპრილში დააწესა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 2016 წლის 12 სექტემბერს გახდა და მისი ვადა 2026 წელს უნდა ამოწურულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გადადგომის მიზეზებზე დეტალები არ გაამჟღავნა, პოლიტიკური წრეები ამ გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის წინასაარჩევნო პროცესთან აკავშირებენ.