თავდასხმა ტვ პირველის რეპორტიორებზე - ექვსივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

21.10.21 16:04
თავდასხმა ტვ პირველის რეპორტიორებზე - ექვსივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

5 ივლისის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. 

 "ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავასა და  ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე  განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ძალადობრივი დაჯგუფების წევრების: დავით კუტალაძის, გია გიგუაშვილის, თორნიკე გავაშელიძის,  ცოტნე ჩიხლაძის, ოთარ გელაშვილის და აკაკი ნაკაშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

პროცესზე დღეს პროკურატურამ ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის გათვალისწინებით დაკავებულების კვლავ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, დაცვის მხარე კი - მათს გასათავისუფლებლად 5 ათას ლარიან გირაოს.

5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული პირია.